logo
ENG



EMC - ხელისუფლებას ვაკისრებთ პასუხისმგებლობას ამ ჯგუფების რადიკალიზების პროცესში

09 ნოე 201917:19
3 წუთის საკითხავი
 
fll1y9suu1oco30.jpg

არასამთავრობო სექტორი და სამოქალაქო აქტივისტები კინოთეატრებთან განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურნენ.  მათი აზრით, ქვეყანაში რადიკალურ ჯგუფებს დაუსჯელობის სინდრომი აქვთ, ხელისუფლებას კი ასეთ ძალებთან გამკლავების სტრატეგია არ გააჩნია. 

„ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის“ ცენტრში აცხადებენ, რომ ხელისუფლებას ეკისრება პასუხისმგებლობა ამ ჯგუფების რადკილაზების პროცესში.

„ჩვენ სწორედ ხელისუფლებას მივაწერთ პასუხისმგებლობას ამ ჯგუფების რადიკალიზების პროცესში. პირველი იმის გამო, რომ ეს ჯგუფები საჯარო სივრცეში აქტიურდებიან მაშინ, როცა ხელისუფლების საწინააღმედგო და კრიტიკული სოციალური პროცესები ორგანიზდება, ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ ბასიანის მოვლენები, ანტისაოკუპაციო აქციები. ჩანს, რომ ამ ჯგუფების ძალადობრივ მოქმედებებს ხელისუფლება მუდმივად იწყნარებს და აშკარა ძალადობის მიუხედავად, მათ ლიდერებს პასუხისმგებლობა არ დაკისრებიათ. მეორე პასუხისმგებლობის სფერო ის არის, რომ ხელისუფლება ვერ ბედავს თანასწორობის მხარდამჭერი განცხადებები გააკეთოს. სწორედ თავისი სიჩუმით ძალადობრივი, ანტიდემოკრატიული იდეების გავრცელებას უწყობს ხელს“, - აცხადებს თამთა მიქელაძე, EMC-ის წარმომადგენელი.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ ამბობენ, რომ ყოველი დაუსჯელი შემთხვევა არის მომდევნო შემხვევისთვის სტიმული და ამაში პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.

„ყოველი მომდევნო შემთხვევა ამ შემთხვევებისთვის არის სტიმული, რომ ამ ადამიანებს არავინ არ მოსთხოვს პასუხს და მხოლოდ მცირე ზომები იქნება გამოყენებული მათ წინააღმდეგ. ქალაქის მერის განცხადება, რომ ეს ხდება ოპოზიციის ან არასამთავრობო ორგანიზაციების გამო, არის „გაღმა შეედავეს“ პრინციპი. სინამდვილეში, ჩვენ რასაც ვხედავდით, იყო მცდელობა, ჩანაცვლებულიყო ხელისუფლება ამ ქვეყანაში“, - განაცხადა სულხან სალაძემ.

არასამთავრობო სექტორი ხელისუფლებას მოუწოდებს, შეიმუშაოს პრევენციული პოლიტიკა რადიკალურ ჯგუფებთან გასამკლავებლად.


close დახურვა